X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

5 სექტემბერი 2019

ქვეშეთი-კობის 9-კმ-იანი გვირაბის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. ახალ გვირაბს ჩინური კომპანია “China Railway Tunnel Group Co” ააშენებს. 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრე თევდორაძემ და “China Railway Tunnel Group Co”  -ის საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ  ზაი ფეიფეიმ მოაწერეს.

პროექტის ღირებულება 909 024 280 ლარია და სამუშაოების ვადად 4 წელია განსაზღვრული.

China Railway Tunnel Group Co., Ltd. (CRTG) 1984 წელს დაფუძნდა და უმსხვილესი საინჟინრო საწარმოა, რომელიც ჩინეთში გვირაბების მშენებლობას და მიწისქვეშა სამუშაოებს აწარმოებს.  კომპანიის წლიური ბრუნვა  5.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. CRTG -ის უგრძელესი და უდიდესი მთის გვირაბისა და წყალქვეშა გვირაბის მშენებლობის გამოცდილება აქვს. CRTG-ს მიერ აშენებული გვირაბების საერთო სიგრძე დღეის მდგომარეობით   5000 კმ-ზე მეტს შეადგენს. CRTG-ის, განხორციელებული აქვს საერთაშორისო პროექტებიც, როგორიცაა არგენი-პაპის სარკინიგზო ხაზი, შარგუნის ქვანახშირის მოპოვებისა და გადამუშავების ტექნოლოგიის რენოვაციის პროექტი უზბეკეთში და კუალა-ლუმპურის   მეტროპოლიტენის პროექტი მალაიზიაში.

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 მონაკვეთად, ხელშეკრულება ორივე მონაკვეთზე გაფორმებულია. ჯამში დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის  მშენებლობა, მათ შორის, ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი 15 მეტრის სიგანის იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია, არამარტო ამიერკავკასიაში არამედ მსოფლიო მასშტაბით და უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა. ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობის ღირებულება ჯამში 1,2 მილიარდი ლარია.

ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის  ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის  ნაწილია.  გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით.  ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. გვირაბი უზრუნველყოფს ზამთრის პერიოდში მგზავრების უსაფრთხო და საიმედო გადაადგილებას, ახალი გზა კი  აარიდებს სატრანსპორტო ნაკადს ყაზბეგის ეროვნულ პარკს და გუდაურის ზამთრის კურორტს.

გზა, ასევე, გააუმჯობესებს ზამთრის სეზონზე გარე სამყაროსგან მოწყვეტილი ხეობის მოსახლეობის პირობებს ახალი გზა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში განხორციელებული თუ დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობენ ხეობაში მოსახლეობის დაბრუნებას, ახალი ტურისტული მიმართულებების შექმნას და ეკონომიკური საქმიანობის გამოცოცხლებას. პროექტის ზემოქმედების არეალში  ხეობის 9 სოფელი მოხვდება.

ქვეშეთი-კობის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს, აზიის განვითარების ბანკი  და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს.